-რა იცით თქვენი
გვარის წარმომავლობის შესახებ?
-ჯაიანთა საგვარეულო, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით,
ოდიშის „ძველთა მთავართა“ გვარს მიეკუთვნება.
გადმოცემის
მიხედვით, მათ უძველესი დროიდან ეკუთნოდათ სამეგრელოს სოფლები: ახუთი, ალერტი და ნოღა.
ჯაიანების
რეზიდენცია სოფელ ნოღაში იყო. აქ იყო მათი სასახლე, კარის ეკლესია და ციხესიმაგრე.
საგვარეულოს საძვალე კი ჯაიანებს ალერტის ეკლესიაში ჰქონდათ. ისინი სამეგრელოს მთავრებთან
დაახლოებული პირები არიან. ცოტნე ჯაიანი ლევან I დადიანის ამალაშია და მუდმივად თან ახლავს მთავარს.
თუმცა XVIII საუკუნის II ნახევარში ოდიშის სამთავროში წარმოებული შიდაკლასობრივი ბრძოლის დროს
ჯაიანები აღარ ემორჩილებიან დადიანებს, რომლებიც ცდილობდნენ და მოახერხეს კიდეც მათთვის
ნოღას ციხის ჩამორთმევა.
ამის შემდეგ
ჯაიანები უარს აცხადებენ დადიანთა „ყმობაზე“ და თავს იმერეთის მეფის ვასლად აცხადებენ.
სწორედ ამ
პერიოდშია სავარაუდო ჯაიანთა გადმოსახლება იმერეთში და დამკვიდრება ქუთაისში.
-გვიამბეთ თქვენი
წინაპრების - ბებია-ბაბუების შესახებ.
-როგორც წინაპართა მონათხრობიდან ვიცი, ჯაიანები ქუთაისში,
გაბაშვილის გორაზე, XIX საუკუნის დასაწყისში დასახლებულან. აქ ოდიშიდან წამოსული რამდენიმე
ოჯახი ცხოვრობდა და, შესაბამისად, იმ უბანს, სადაც ამჟამად მე ვცხოვრობ, „ჯაიანების
უბანს“ უწოდებენ.
ბებია-ბაბუის
მონათხრობიდან ვიცი, რომ დიდი ბაბუა კონსტანტინე ჯაიანი დიდი მიწების მფლობელი იყო,
მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა, რის გამოც ხშირად გულისწყრომას გამოხატავდნენ
და ეს მე კარგად მახსოვს.
ალექსანდრე ჯაიანის ოჯახი: მეუღლე ლიდა შუღლაძე, შვილები: შოთა, მიხეილ, გურამ, მზია ჯაიანები |
ჩემი ბაბუა, ალექსანდრე ჯაიანი, უმწიკლო რეპუტაციის ადამიანი იყო. როგორც თვითონ ამბობდა, „რაც თავი მახსოვს, ქუთაისის გიმნაზიას ვემსახურებიო“. მას, როგორც ერთგულ ადამიანს, გვერდიდან არ იშორებდნენ სკოლის დირექტორები ხელმძღვანელები (იგი სამნეო ნაწილის გამგე იყო). აქვე ასწავლიდა თავის სამ ვაჟს, რადგან იმ პერიოდში პირველი სკოლა ვაჟთა სკოლა იყო, ქალიშვილი კი ქალთა სასწავლებელში ჰყავდა მიბარებული.
ბებია, ლიდა
შუღლაძე, მორწმუნე და ღვთისმოსავი ქალი გახლდათ. ის არაჩვეულებრივ ხელობას ფლობდა
- მკერავი იყო. მის შექმნილ ტანსაცმელზე ამბობდნენ, „ორივე მხრიდან შეიძლება ჩაიცვაო,“
- ისე სუფთად და ფაქიზად კერავდა. ხშირად დაგვსვამდა შვილიშვილებს და, მიუხედავად იმისა,
ეს მაშინ აკრძალული იყო რელიგიურ თემებზე გვესაუბრებოდა, მიცვალებულთა პატივსაგებ დღეებსაც
გვასწავლიდა და მონაწილეობასაც ვიღებდით იმ პროცედურებში, რომელსაც მათი სულების მოსახსენიებლად
ატარებდა.
მიხეილ ჯაიანის ოჯახი: მეუღლე - ლილი ჯაიანი და შვილები- მედეა და მადონა ჯაიანები |
-ჩემი მამა - მიხეილ ჯაიანი ქუთაისის ინტელიგენციის
საუკეთესო წარმომადგენელი იყო. ვაჟთა I გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მოსე თოიძის
სახელობის სამხატვრო სასწავლებელში.
იყო ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მუშაობდა ქუთაისის სამხატვრო ფონდში და პარალელურად ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომელთა მცირე ნაწილი დღეს ამშვენებს ჩემი ახლობლების და მეგობრების ოჯახებს.
იყო ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მუშაობდა ქუთაისის სამხატვრო ფონდში და პარალელურად ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომელთა მცირე ნაწილი დღეს ამშვენებს ჩემი ახლობლების და მეგობრების ოჯახებს.
დედა - ლილი
ჯაიანი, პროფესიით მედდა, წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის სადეზინფექციო სამსახურში.
ლილი ჯაიანი |
-გვიამბეთ თქვენი
პროფესიული არჩევანის შესახებ.
- ის, რომ მე
დღეს პედაგოგი ვარ, გარკვეულწილად ჩემი მშობლების დამსახურებაა, რაც ჩემს სურვილსაც
დაემთხვა, რასაკვირველია.
დედა გარკვეული
წლების მანძილზე, ვიდრე მე და ჩემი და პატარები ვიყავით, არ მუშაობდა და მთელი ენერგია
ჩვენს სწავლა-აღზრდას მოანდომა.
თავიდანვე
ჩამინერგა პასუხისმგებლობის გრძნობა, ბეჯითობა, სწავლისადმი სიყვარული, რაც დროთა განმავლობაში
ჩემს განუყოფელ თვისებებად ჩამოყალიბდა. თუნდაც ის, რომ იმ დროს, როცა უბნების მიხედვით
იყო აუცილებელი სკოლაში სწავლა, ჩემი მშობლების დიდი მონდომების შედეგად მე ქუთაისის
ვლ. მაიაკოვსკის სახელობის I სკოლა
დავამთავრე, მეტყველებს იმაზე, რომ თავიდანვე მაღალი დონის მოთხოვნები დამისახეს. ჩემი
წარჩინებულობაც სკოლაშიც და შემდეგშიც პედაგოგიურ ინსტიტუტში დედის დიდი დამსახურებაა,
რადგან „ყოველი წარმატებული ახალგაზრდის გვერდით ძლიერი დედა დგას“.
ჩემთვის ჩემი
პროფესია მნიშვნელოვანია. მიყვარს ეს საქმე და ვთვლი, რომ კარგადაც გამომდის. დღემდე
ვმოღვაწეობ სკოლაში, რომელმაც აღმზარდა და რომლის ყოველი კედელი ძვირფასია ჩემთვის.
-გვიამბეთ თქვენი
ოჯახის შესახებ.
-მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მშობლებს
ვაჟი არ ჰყავდათ, მე ისევ იმ ფუძეზე ვაგრძელებ ძირძველი ქუთაისური ოჯახის ტრადიციებს.
ენდი და გეგი ნემსიწვერიძეები |
ვაჟები: უფროსი
გეგი ნემსიწვერიძე აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი,
იმავდროულად ტელეკომპანია „რიონის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, დიქტორი.
უმცროსი, გუბაზ
ნემსიწვერიძე, აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის წარჩინებული მოსწავლეა.
-ძალიან ამაყი ვარ, რომ ძირძველი ქუთაისური ოჯახის წარმომადგენელი
ვარ... ვამაყობ ჩემი გვარით, ქართველობით, ქუთაისელობით. მე მეამაყება, რომ ჩემი ოჯახით
ამ ქალაქის პატრიოტები ვართ.
შოთა ჯაიანის ოჯახი: მეუღლე რუსუდან ბალავაძე და შვილები: მაია, მალხაზ და მამუკა ჯაიანები |
ჯაიანების დიდი ოჯახის დღევანდელი თაობა |
ჯაიანების მომავალი თაობა |
No comments:
Post a Comment