პიპინია მიქელაძე |
პ ი პ ი ნ ი
ა
,,მაინც, ვინ იყო პიპინია მიქელაძე?’’
ასე იწყებს ჟურნალისტი და ფილოლოგი, ნანული ცხვედიანი, წერილს ,,ცხელი ნაკვერჩხალი დროთა ნაცარში“ წიგნიდან ,,გახსოვს, ქუთაისო?“, რომლის პირველი თავი ეთმობა გამორჩეულ ქუთაისელს, პიპინია (პიმენ) მიქელაძეს.
პიმენ მიქელაძე დაიბადა 1869 წელს ქუთაისში, კონსტანტინე მიქელაძისა და ეკატერინე ლორთქიფანიძის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მას უმაღლეს სასწავლებელში განათლება არ მიუღია, ის უზომოდ ნაკითხი, განსწავლული და ინტელიგენტი პიროვნება გახლდათ. ქალაქში, სადაც, ჩვეულებრივ, არავის უნდა უკვირდეს კარგი თამადა, ენამოსწრებულობისა და გონებამახვილობის წყალობით, პიპინია მაინც ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული სუფრის ხელმძღვანელი და, ზოგადად, სიტყვის მთქმელი იყო. პიპინიას ვაჟის, არჩილ მიქელაძის თქმით, მამის ფოტოარქივისა და ჩანაწერების დიდი ნაწილი სოხუმში დარჩა, ვინაიდან ომის შემდეგ მისი დაბრუნება ვერ მოხერხდა. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან ამ გამორჩეულ ადამიანს ურთიერთობა ჰქონდა ქართული ინტელიგენციის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ: პაოლო იაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე, შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე და მრავალი სხვა.
პიპინია მიქელაძე მეგობრებთან |
პიპინია გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭითა და ენამზიანობითაც, რომელთა წყალობითაც საკმაოდ სახელგანთქმული გახდა, ვინაიდან სავსებით ახალგაზრდა ყმაწვილი (26-27 წლის) ილია ჭავჭავაძემ თამადად საგურამოში მიიწვია ილიაობაზე. ალბათ, საინტერესოა, უდიდესმა მოღვაწემ ქუთაისის კოლორიტული პიროვნების შესახებ საიდან გაიგო: 1896 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსი, გაბრიელ ქიქოძე, გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით, ის გელათის ეზოში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ დიდთოვლობის გამო ეს ცერემონია გადაიდო. ამბობდნენ, მთელ საქართველოს ინტელიგენციას ქუთაისში მოეყარა თავი, რომელთა შორის ილიაც იყო. იმერეთში, მოგეხსენებათ, სტუმართმოყვარეობა და გამორჩეული პიროვნების სუფრაზე მიპატიჟება ხელოვნების დონეზეა აყვანილი. სადაც კი მიიწვიეს ილია, ყველგან ჩვენი პიპინია დაუხვდა თამადად. ამიტომ მან ჭაბუკს ქუთაისის ინტელიგენციის მიერ გამართულ დიდ ვახშამზე სთხოვა, რომ მომავალ ილიაობაზე ის უნდა ყოფილიყო სუფრის ხელმძღვანელი. ყმაწვილი შეცბუნდა, რადგან იცოდა, რომ საგურამოში გრიგოლ ორბელიანი და რაფიელ ერისთავი უძღვებოდნენ სუფრას და მათთან თავის გამოჩენას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. საბოლოოდ, ილიამ დაითანხმა პიპინია. რამდენიმე რჩეულ მეგობართან ერთად თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ახალგაზრდა გაემგზავრა საგურამოს, სადაც მასპინძელს უდიდესი სიხარულითა და პატივისცემით მიუღია. ახალბედა თამადა ღელავდა, რადგან ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა და დაინტერესდა, თუ რამდენი კაცისთვის უნდა ეთამადა. ილიამ ასე, ათას ხუთასი-ათას ექვსასიო, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, იქ ორიათასამდე კაცი მობრძანებულა. ილიასაც არ დაუშალა გონებამახვილობამ და ღიმილით უპასუხა: ,,ჩემო პიპინია, თაფლი იყოს, თორემ ბუზი თეირანიდანაც კი ჩამოვაო“.
პიპინია მიქელაძე ოჯახთან |
,,განა მართლა ასე არ უძლებს დრო-ჟამის ნაცარს პიპინია მიქელაძის ჯავარიანი სიტყვა?“.
მასალა მოამზადა
მარიამ ქომეთიანმა
ნანული ცხვედიანის წიგნის
"გახსოვს, ქუთაისო" მიხედვით
No comments:
Post a Comment