ნიკოლეიშვილების ოჯახი



                                                                                  
გვესაუბრება  პედაგოგი   ინგა ნიკოლეიშვილი

  ჩემი ოჯახი XX საუკუნის დასაწყისიდან ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში.
  ბაბუა, აქვსენტი ნიკოლეიშვილი, დაიბადა სამტრედიის რაიონში, გომის თემის სოფელ კორმაღალში, 1899 წელს. 1906-1910 წლებში სწავლობდა სოფლის ოთხწლიან სკოლაში. 1918 წელს მეზობელმა, ნოე თევზაძემ, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა ქუთაისში საგრენაჟო ქარხნის დირექტორად, ბაბუა ჩამოიყვანა ქალაქში და დანიშნა აღნიშნული ქარხნის საწყობის გამგედ, ბინად მისცა ქარხნის საერთო საცხოვრებელი გოგებაშვილის ქუჩის N3-ში, სადაც დღესაც ვცხოვრობთ მისი შთამომავლები.

აქვსენტი და მარიამ ნიკოლეიშვილები
  1924 წელს დაქორწინდა ვანის რაიონის სოფელ მთისძირში მცხოვრებ მარიამ ისიდორეს ასულ კიკაბიძეზე,
 შეეძინათ ოთხი შვილი - სამი ქალი და ერთი ვაჟი.
  ბებია უაღრესად კულტურული და დახვეწილი გემოვნების მქონე ქალი იყო. კერავდა და ასე არჩენდა ოჯახს. ოჯახს მიუძღვნა თავი და ყოველთვის ამაყობდა თავისი ოთხი კლასის განათლებით.
  როცა ბაბუა ომში გაიწვიეს, ძლიერ გაუჭირდა. ჰქონდა შეთავაზება და დაშინებაც, დაეტოვებინა ქალაქი და სოფელში წასულიყო შვილებიანად, მაგრამ სულით ძლიერი ქალი არ იმჩნევდა არც სიდუხჭირეს და არც მძიმე შრომას გაურბოდა.
  ბაბუა, აქვსენტი ნიკოლეიშვილი, 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო  ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად. 1942 წელს გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ორი წელი გაატარა საკონცენტრაციო ბანაკში, უმძიმეს პირობებში, საიდანაც მოახერხა გაქცევა და გადარჩენილ ტყვეებთან ერთად შეუერთდა ჩეხოსლოვაკიის პარტიზანთა ჯგუფს. 1946 წელს დაბრუნდა საქართველოში. ბაბუა და მისი ოჯახი გადასახლებას გადაარჩინა ჩეხოსლოვაკიის პარტიზანთა ჯგუფის ხელმძღვანელებისაგან მის სახელზე გამოგზავნილმა სამადლობელმა წერილმა (ყოფილ ტყვეებს, „პლენებს“ და მათ ოჯახებს სახელმწიფო ასახლებდა ქვეყნიდან).
  ბაბუა წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისში სასადილოების ტრესტში სასადილოს გამგედ (ჯაჭვის ხიდთან).
  1961 წელს გავიდა პენსიაზე. იყო  იუმორით დაჯილდოებული. ექსპრომტად თხზავდა ლექსებს. მეგობრობდა პეტრე და ციცინო ლომთათიძეების ოჯახთან, პეტრე ქალაქის მოსამართლე გახლდათ, მისი შთმომავლები (ქალიშვილის მხრიდან) დღეს ავალო ქაჯაიას ოჯახის წევრები არიან.
  მახსოვს, შაბათ-კვირას სტუმრობდნენ ერთმანეთს, თამაშობდნენ ნარდს, ოხუნჯობდნენ, იშლებოდა ქართული სუფრა და იყო ნამდვილი ქუთაისური ზეიმი.
  აქვსენტი ნიკოლეიშვილი გარდაიცვალა 89 წლის ასაკში, დაკრძალულია საფიჩხიის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.
  ოთხი შვილიდან უფროსი, თინა, გათხოვდა ლაგოდეხში. დიდი სიყვარულით სარგებლობდა ირგვლივ მყოფ ადამიანებში. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ლაგოდეხის სამშობიარო სახლში ლაბორანტად. გიორგი გოგოლაძესთან ერთად გაზარდა ორი შვილი, რომლებიც თავიანთი ოჯახებით, დღეს თბილისში ცხოვრობენ.
  მომდევნო ქალიშვილი, ნაზი, ამჟამად 89 წლისაა და ისევ ზრუნავს ოჯახზე. მან თავისი 65 - წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე უამრავი ღირსეული ადამიანი აღზარდა. მიღებული აქვს მრავალი სიგელი და ჯილდო. ჰყავს ოთხი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
  ქალიშვილი - მარინა ჩხაიძე აგრძელებს დედის ტრადიციას, მასწავლებლად მუშაობს რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
  ვაჟი - ვალერი ჩხაიძე, პროფესიით ინჟინერი, მამის ფუძეზე ცხოვრობს სამტრედიის რაიონის  სოფელ გომში.

   აქვსენტის უმცროსი ქალიშვილი, მაგული ნიკოლეიშვილი, დღესაც მამისეულ ოჯახში ცხოვრობს. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის მე-19 საშუალო სკოლა და სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშიდან დაწყებული ქუთაისის საკონსერვო ქარხნის დირექტორის მოადგილით დამთავრებული. მაგული უაღრესად განათლებული, კულტურული ადამიანია, ოჯახი არ შეუქმნია, თუმცა თავისი სილამაზით ყველას ხიბლავდა. მეზობლები მასზე ამბობდნენ: „ასეთი სილამაზე იშვიათია, მაგული ალამაზებდა ქუთაისსო!“
ჯუმბერ ნიკოლეიშვილი
  ოჯახის ვაჟი, მამაჩემი, ჯუმბერ ნიკოლეიშვილი, დაიბადა 1933 წელს ქუთაისში. დღეს იგი 85 წლისაა და ცხოვრობს მამისეულ ფუძეზე ოჯახთან ერთად. 1940-44 წლებში სწავლობდა ქუთაისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში (ამჟამად პირველი საჯარო სკოლა). როცა სკოლის კონტიგენტი გაიყო, გადაიყვანეს არასრულწლოვანთა რვაწლიან სკოლაში (დირექტორი - ბიძინა გულდედავა). მამასთან ერთად სწავლობდა და მასთან მეგობრობდა მსოფლიოში ცნობილი პიროვნება,აკადემიკოსი შალვა მარდახიაშვილი (შალვა მარდი), რომელიც ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს.
  მამა გაიწვიეს საბჭოთა ჯარში, ამაყობს, რომ იყო პირველი ყამირელი. 30 წელზე მეტი იმუშავა ქუთაისის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში სხვადასხვა თანამდებობაზე. როგორც ინჟინერ-გამომგონებელს, მოვლილი აქვს მაშინდელი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკა. დაჯილდოებულია სიგელებით, მედლებითა და ორდენით. ამაჟამად პენსიონერია, შეჰხარის ნაგრამს, აწუხებს ქვეყნის დღევანდელობა და ეიმედება მისი მომავალი.
ნაზი ხაჭაპურიძე
  დედაზე, ნანი ხაჭაპურიძე, დაქორწინდა 1959 წელს. შეეძინათ ორი ქალიშვილი - ინგა და ლია. დედამ 27 წელი იმუშავა ქუთაისის კავშირგაბმულობაში. ამჟამად პენსიონერი და ჩემი ოჯახის წამყვანი დიასახლისია. იგი დიდი და ლამაზი ოჯახის შვილია. მამა - შამშე ფარნაოზის ძე ხაჭაპურიძე მთელი ცხოვრება იდგა ქვეყნის სამსახურში. 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ნამოხვანის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარედ, რომლის დაქვემდებარებაში შედიოდა შვიდი სოფელი.
  ბაბუა 1941-45 წლის სამამულო ომში არ გაუწვევიათ იმ მოტივით, რომ იგი „ზურგში“ იყო საჭირო. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები, სიგელები და მედლები: „კავკასიის დაცვისა“ და „ზურგში მამაცური შრომისათვის“.
  ჯუმბერ და ნანი ნიკოლეიშვილებმა აღზარდეს ორი ქალიშვილი - ინგა და ლია.
  ჩვენი ოჯახი, როგორც მოწინავე მუშათა ოჯახი, 1977 წელს გაიწერა გაზეთში "Кутаисская Правда".
 ჩემმა დამ, ლია ნიკოლეიშვილმა, ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის მე-19 საშუალო სკოლა და პროფესიული სასწავლებელი, შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტი. ამჟამად დიასახლისია. მეუღლესთან-თამაზ ხურციძესთან შეეძინა ორი ქალიშვილი: თათია და ხატია, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან.
ინგა ნიკოლეიშვილი შვილებთან:
გიორგი და ჯაბა დათეშიძეებთან
   მე, ინგა ნიკოლეიშვილი, მეუღლესთან - მამა არჩილ დათეშიძესთან ერთად ვცხოვრობ მამაპაპისეულ ფუძეზე. დავიბადე ქუთაისში 1960 წელს. წარმატებით დავამთავრე ქუთაისის მე-19 საშუალო სკოლა და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. თითქმის სამი ათეული წელია ვმუშაობ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N 1 საჯარო სკოლაში პედაგოგად.
        გვყავს ორი ვაჟი: გიორგი, ჯაბა და სამი შვილიშვილი: ლიზი, ლუკა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული ალექსანდრე.


                                                          .  .  .  
  ჩემთვის ქუთაისი ჩემი ცხოვრების ლამაზი ზღაპარია. აქ ყველა კენჭი, ხე და ქუჩა ნაცნობი და ახლობელია. მიყვარს რიონი, თეთრი ქვები, დათეშიძის გორა, უქიმერიონი, ბაგრატი, მეფეთა უბანი, ჯაჭვის ხიდი და პირველი სკოლა. არასოდეს გაუწევია გულს სხვაგან საცხოვრებლად და , ალბათ, ჩემი საძვალეც აქ იქნება, წინაპართა გვერდით. ეს დიდი სიყვარული ჩემს მოკრძალებულ სტრიქონებშიც ჩავაქსოვე:
                            შენ ჩემს სულში მერცხლის შემოფრენა ხარ,
                            შენ ხარ ჩემი მზის და მთვარის ნაწილი,
                            პოეტების მუზის აღმაფრენა ხარ,
                            სიყვარულის ქალაქი ხარ ნამდვილი.
                                          ქვა რომ ქვაა, თუ შენია, ის მიყვარს,
                                          უშენობა, აბა, როგორ შევიძლო?!
                                          სადაც წავალ, შენი სითბო თან მიმაქვს,
                                          სიზმარშიც კი შენ მინდა რომ მესიზმრო.
                            ვარდის კონებს ქარი იკრავს უბეში,
                            გაზაფხული გზებზე გიფენს ხალიჩებს,
                            სიყვარულით მთვრალი ღმერთი ქუჩებში
                            მზიან ღიმილს საგზალივით არიგებს.
                                           შეგიძლია მტერსაც გული გაუთბო,
                                           შენ ხომ ჩემი ხარ სიცოცხლის ნაწილი...
                                           სიმღერის და სიყვარულის საუფლოვ,
                                           შენი ქება არ ყოფილა ადვილი.

No comments:

Post a Comment

                                                  ო ჯ ა ხ ი   ყველა სახელმწიფოს ძლიერების, ზნეობრივი სრულფასოვნებისა და წარმატების საფუძ...