მესხების ოჯახი


                                                სერგეი მესხი
  ცნობილი პუბლიცისტი, გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი, 14 წლის მანძილზე გაზეთ ,,დროების“ უცვლელი რედაქტორი-სერგეი მესხი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისში, სასამართლოს დაბალი ჩინისა და მოხელის, სიმონ მესხის, მრავალშვილიან ოჯახში აღიზრდა ბევრი გამოჩენილი საზოგადო და კულტურული მოღვაწის გვერდით.
   მიუხედავად ხელმოკლეობისა, სიმონ მესხი და მისი მეუღლე, მაგდალინა მარჯანიშვილი, არაფერს ზოგავდნენ, რომ 13 შვილისათვის სათანადო აღზრდა-განათლება მიეცათ, გამოეყვანათ ისინი ქვეყნის სასარგებლო ადამიანებად, ამ ოჯახმა ქართველ ერს მისცა პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი მამულიშვილები, რომლებმაც თავიანთი უმწიკვლო მოღვაწეობით მრავალ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმეს უთაოსნეს და წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
  ჟურნალისტმა გივი მეფისაშვილმა ამ თავდადებული ადამიანების ღვაწლს მიუძღვნა წიგნი ,,მესხების ოჯახი“. მასში დახასიათებულია ამ შესანიშნავი ოჯახის ხუთი წევრი: სერგეი მესხი, კოტე მესხი-ქართული განახლებული თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე და მსახიობი, დავით მესხი-მახვლი ჟურნალისტი და მსახიობი, ფართოდ ცნობილი მსახიობი ეფემია მესხი, ივანე მესხი-საზოგადოებრივი და მუნიციპალური მოღვაწე.
წიგნი სერგეის მოღვაწეობით იხსნება და იხსნება სამართლიანადაც, რადგან სერგეის არა მარტო თავის ოჯახის წევრთა შორის უკავია განსაკუთრებული ადგილი, არამედ იგი XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე გამოჩენილ მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან, გიორგი წერეთელთან ერთად ბურჯად ედგა ქართველი ერის უფლებების დაცვის საქმეს.
  სერგეი 1844 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის მახლობლად დაიბადა. დედამისი მაგდალინა საკმაოდ ნასწავლი ქალი იყო  და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიიღო პირველდაწყებითი განათლება.1856 წელს 11 წლის სერგეი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოწაფე ხდება, 1863 წლს კი უმაღლესი განათლების მისაღებად  პეტერბურგში მიდის. 1867 წელს ასრულებს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს და ბრუნდება სამშობლოში, რომელიც მისი საფიცარი და წმინდა სახატე იყო. იგი ვერ იტანდა მამულისაგან განშორებას და სწორედ ამიტომ მოთქვამდა  ასე მწარედ: ,,მშვიდობით,  ჩემო კარგო, ლამაზო ქვეყანავ! მშვიდობით, შენზე უდიდეს,  უმდიდრესს, უჭკვანესს და უმძლავრესს ქვეყანას მე , უეჭველია, ბევრს ვნახავ, მაგრამ შენზე უმშვენიერესს, შენზე უსაყვარლესს და ძვირფასს ქვეყანას ჩემთვის მე ვერსად ვნახავ! მშვიდობით... ხორცით გშორდები, სულით, გონებით შენთანა ვარ!“.
  1869 წ.  ,, ახალი ახალგაზრდობის“ ჯგუფმა სერგეი გაზეთ ,,დროების“ რედაქტორად მიიწვია, რაშიც უდიდესი როლი შეასრულა ნიკო ნიკოლაძემ. ის მივიდა გუბერნატორის კანცელარიაში მომსახურე სერგეი მესხთან, გამოიყვანა სამსახურიდან და ზემოხსენებულ თანამდებობაზე დააყენა.
სრულიად ახალგაზრდა სერგეი, 21-22 წლისა, სათავეში ჩაუდგა გ. წერეთლის ,,დროებას“ და გასაოცარი ენერგიით, მთელი პირადი ცხოვრების მსხვერპლად მიტანით, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. სავსებით გადაუჭარბებელი და სამართლიანია, ცნობილი ჟურნალისტის, პოეტის, დრამატურგის და მთარგმნელის, დავით მესხის, სიტყვები თავის ძმაზე: ,, სერგეი მესხს პირდაპირ გმირობად უნდა ჩაეთვალოს, იმ დროისა და გარემოების მიხედვით, 14 წლის განმავლობაში გაზეთის ძიძობა“. სერგეიმ ყოველკვირეული გაზეთი ჯერ სამდღიური გახადა, შემდეგ კი ყოველდღიური. ეს იყო მისი შეუპოვარი შრომის შედეგი.
14 წლის მანძილზე ჯაფა, მუდამ რკინის მტვერში ყოფნა, დღე და ღამე თავაუღებელი ჯდომა წერისათვის, გაზეთის გაგზავნაზე მუშაობა, კორექტურა, ესეები ძალას აკლებდა მესხს და ბოლოს მისუსტებულს სალიტერატურო დროშა დააშვებინა.
,, თოთხმეტი წელიწადი გუშაგად უდგა ჩვენს მწერლობას, მას მოუტანა სერგეი მესხმა თავისი სიყმაწვილე მსხვერპლად, თავისი გონებისა და სხეულის ძალ-ღონე, თავისი ცხოვრების მოსვენება და ბოლოს, პირველი და უკანასკნელი საუნჯე ყოველი კაცისა-თავისი ჯანის სიმრთელე,“-ასე ახასიათებს მესხის მოღვაწეობას მისი უახლოესი მეგობარი, თანამოკალმე და პირველი ბიოგრაფი-პეტრე უმიკაშვილი.
მიუხედავად ასეთი მძიმე შრომისა, სერგეისთვის გაზეთი სიცოცხლის წყარო იყო. ,,ყველამ ნახა მესხი იმ დღეს ისეთის ღონე მოწყვეტით, ისეთის მწუხარე სახით, რომ თითქმის ავადმყოფობის დროსაც არ ყოფილა,“- წერდა პ. უმიკაშვლი, როდესაც ჯანმრთელობაშერყეული სერგეი იძულებული შეიქმნა გამოსალმებოდა საყვარელ გაზეთს.
  სერგეის უწმინდესი და უმაღლესი იდეალი თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველი იყო. იგი წარმოადგენდა დასაყრდენს ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური ჩაგვრის საქმეში. მან 1879 წ. ,,დროებაში“ გამოაქვეყნა წერილი ,,ახალი წელი“, რომელიც ქმნიდა ერთიან ეროვნულ ფრონტს ცარიზმის წინააღმდეგ. ,, ერთი სიტყვით რომ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, ჩვენი ნატვრა არის შემდეგი:ჩვენ გვინდა, რომ ცოცხალი ვიყოთ!“
  სერგეი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც ქალთა ემანსიპაციის საკითხი დააყენა ქართულ ჟურნალისტიკაში. პუბლიცისტი თავდადებული ქომაგი იყო ქართველი ქალისა და ხელს უწყობდა მის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას. ,, ცხადად დამტკიცებულია, რომ ქალი კაცის თანასწორადაა გაჩენილი, რომ მისი დამონება სხვადასხვა უფლებების წართმევა სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას... დამტკიცებულია,რომ ქალი მარტო შვილიანობისათვის, ტკბილი გრძნობებისათვის და ქვეყნიერების დასამშვენებლადფ არ არის გაჩენილი. დამტკიცებულია ათასი მაგალითებით, რომ ქალის ტვინსა და ხშირად ხელსაც ისეთნაირთავე შეუძლიათ კაცობრიობისათვის სასიკეთო მოქმედება და მუშაობა, როგორც კაცისას“
 1883 წ. ზაფხულში, 38 წლის სერგეი აბასთუმანში გარდაიცვალა უმცროსი ძმის, მწერალ დავით მესხის, ხელზე. იგი დაკრძალეს მშობლიურ სოფელ რიონში.

   სერგეი მშობლიური კულტურის უანგარო, თავდადებული მსახური და თვითმპყრობელობის მარწუხებში მგმინავი მცირე ერების უშიშარი ქომაგი იყო.
სერგეი მესხი


  კოტე მესხი
   კოტე მესხი ქუთაისის პროფესიული თეატრის მამა, ქართული თეატრალური ხელოვნების დიდი მოღვაწე.ქუთაისის მუდმივმოქმედი პროფესიული თეატრის დამაარსებელი და პირველი პროფესიონალი რეჟისორი.
  დაიბადა 1857 წელს,სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი ძმამ,სერგეიმ,ის თბილისში გადაიყვანა საცხოვრებლად. გაზეთ „დროების“ რედაქცია გადაიქცა კოტე მესხის მომავლის გზის გამკვევლად.
  პირველად სცენაზე გამოვიდა 1876 წ.  თბილისში კირილე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობისას .ამ გამოსვლამ გადაწყვიტა კოტეს,როგორც თეატრის მოღვაწისა და მსახიობის,მომავალი. 1876 წელს ქუთაისში დაიდგა „შემოსავლიანი ადგილი“. ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ ვასო აბაშიძე და კოტე მესხი. წარმოდგენის შემდეგ ის უკვე მუდმივი დასის წევრია, ნათესავებისა და ახლობლების რჩევით,კოტემ გადაწყვიტა თეატრისათვის თავი დაენებებია და ბუღალტერიის შესასწავლად ოდესაში გამგზავრებულიყო,მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ფოთამდე ჩაჰყვა. პარიზს გაემგზავრა სათეატრო ხელოვნების შესასწავლად.პარიზიდან მან ჩამოიტანა პიესები, რომლებმაც ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრების საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა. მან მარსელში ფრანგი მსახიობი სარა ბერნარი ნახა,რომელზეც თავის ძმას ივანეს სწერს:„მარსელში სარა ბერნარი ვნახე სცენაზე, კინაღამ გადამრია“.
  მართალია, კოტე მესხმა ქუთაისის თეატრში თავი მოუყარა ნიჭიერ ძალებს ,მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სცენური კულტურა, კოტემ ამ გარემოებას მიაქცია სერიოზული ყურადღება.მან ჩამოაყალიბა გარკვეული თვალსაზრისი აქტიური შემოქმედების შესახებ. კ.მესხი ამპლუის წინააღმდეგია,იგი მოითხოვს ,რომ „ აქტიორმა ყველა როლი უნდა ითამაშოს, გუშინ სხვა იყავი, დღეს კი სულ სხვა უნდა იყო,აი ,მაშინ გამოჩნდება შენი ნიჭი და უნარი“.
  ის ,საზოგადოდ , მკაცრი და მომთხოვნი ხელმძღვანელი იყო,მაგრამ გულისხმიერი და სათნო ადამიანი.კოტე იბრძოდა თეატრის შენობისათვის მან საკითხი ამის შესახებ დასვა 1875წელს,მაგრამ ამაოდ. მისი დიდი მეცადინეობით ქალაქის ბაღში ააგეს სპეციალური ხის შენობა 1891 წელს.
  ახალი სათეატრო შენობის გახსნას კოტე მესხმა დიდი ეროვნული საზეიმო ხასიათი მისცა. დიდია მისი როლი განახლებული ქართული თეატრის აღორძინება-განვითარებისათვის,მაგრამ განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქუთაისის პროფესიული თეატრის შექმნისა და განვითარების საქმეში. რეჟისორ კ.ანდრონიმაშვილის სიტყვით რომ ვთქვათ, იგია მამა ახლანდელი თეატრისა ქუთაისში.
                                                                       კოტე მესხი


 დავით მესხი
  დავით მესხი, ადამიანი  უჩინარი და ენერგიული, რომელმაც თავისი ხანგრძლივი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ქუთაისში გაატარა და დიდი წვლილი შეიტანა  რევოლუციამდელი პრესის განვითარების საქმეში. იგი  არა მარტო ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა,არამედ იყო იმდროინდელ ქუთაისში დაარსებული მუდმივი თეატრის მსახიობი,დრამატურგი და მთარგმნელი. სწორედ მან საგანგებოდ თეატრისათვის თარგმნა „ოტელოს“ უკანასკნელი მოქმედება, რადგან ივანე მაჩაბელმა დროულად ვერ მიაწოდა თეატრს სრული თარგმანი.
  დავითი დაიბადა 1860 წლის 26იანვარს, იყო სიმონ მესხისა და მაგდან მარჯანიშვილის მეცხრე ვაჟი.პირველდაწყებითი განათლება მრევლიშვილის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ ქ.ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა.
  როგორც დავითი იგონებს, მის დროს გიმნაზიაში  ორი ხელნაწერი გაზეთი გამოდიოდა, სადაც ის აქტიურად თანამშრომლობდა.
  ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის დროს,მესხი გაზეთ „დროების“ რედაქტორს უგზავნიდა პატარ-პატარა კორესპოდენციებს.სწორედ ამ ნიადაგზე მოუხდა მას სერიოზული ინციდენტი ლათინური ენის მასწავლებელთან,რის გამოც გიმნაზია დაატოვებინეს.დავითი დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელ რიონში და ხელი მოჰკიდა მეურნეობას,მაგრამ 1880 წელს თბილისში გადავიდა, „დროების“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა და შეუდგა  ფელეტონების წერას.
  დავით მესხი შეუნელებლად ზრუნავდა იმისათვის,რომ გაზეთი მრავალფეროვანი ყოფილიყო,თუმცა ეს არცთუ ისე ადვილი იყო,რადგან რედაქციას სულთამხუთავივით თავზე ადგა უხეში ცენზორი-ლუკა ისარლოვი. ერთხელაც დავითი ხანჯლით დაადგა თავზე ლუკა ისარლოვს და აიძულა წითელი მელნით გადაშლილი აკაკის ფელეტონი შავია მელნით გადაეხაზა და დაბეჭვდის უფლება მიეცა .  სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ეპოქას.
  რედაქციაში მუშაობის პარალელურად მესხი უცხოური და რუსული ენებიდან თარგმნიდა პიესებსა და სცენებს, რომლებიც ქართულ თეატრში იდგმებოდა.
დავით მესხი რედაქციაში 1880-83 წლებში მუშაობდა,ხოლო 1883 წელს "დროება" ივანე მაჩაბლის ხელში გადავიდა. ძმის, სერგეის,  სიკვდილის შემდეგ დავითმა რედაქცია დატოვა და გადაწყვიტა სოფელში დარჩენილიყო,მაგრამ ივანე მაჩაბელმა მას რამდენიმე წერილი გაუგზავნა თხოვნით,  დაბრუნებულიყო რედაქციაში.ისიც დაბრუნდა. მესხი რედაქციაში 1885 წლამდე დარჩა ,ვიდრე გაზეთი არ დახურეს. დავითი ასევე იყო აქტიური თანამშრომელი გაზეთების:"კოლხიდა", "იმერეთი",  "თემი". აღნიშნულ გაზეთებში ის თანამშრომლობდა სხვადასხვა ფსევდონიმით.
  დავით მესხი გარდაიცვალა 1943 წლის 26 დეკემბერს,სოფელ რიონში.ის დაკრძალულია რიონში მისი ძმის,სერგეის,გვერდით.
დავით მესხი


 ივანე მესხი
  ივანე მესხი 1849წ. დაიბადა. მან პირველდაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ დაამთავრა ქუთაისის  კლასიკური გიმნაზია და 1869 წ. შევიდა პეტერბურგის ქირურგიულ აკადემიაში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1871წ. შვეიცარიაში გაემგზავრა და ციურიხის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე მოეწყო, მაგრამ სწავლის ქირა ვერ გადაიხადა და იქვე, პედაგოგიურ უნივერსიტეტში, განაგრძო სწავლა.
  შვეიცარიაში ყოფნის დროს ივანე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში (,,დროება“, ,,კრებული“). მან შვეიცარიაში მყოფ ქართველ სტუდენტებთან ერთად დააარსა ქართველ სტუდენტთა საზოგადოება ,,უღელი“, რომლის მიზანი იყო ეროვნული გათვიცნობიერება და საქართველოს კეთილდღეობისათვის ზრუნვა. ეს  საზოგადოება დადებითად  შეაფასა  ნიკო ნიკოლაძემ, დადებითად შეაფასა მისი საქმიანობა გაზეთმა ,,დროებამაც“.
  ციურიხის პედაგოგიური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მესხი დაბრუნდა საქართველოში და ქუთაისში დააარსა დაწყებითი სკოლა, მაგრამ იგი მთავრობამ მალე დახურა. იმავე 1876 წ. აგვისტოში მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი პანსიონი ახალგაზრდებისათვის. მისი მიზანი იყო ახალგაზრდების აღზრდა პატრიოტული სულისკვეთებით, დიდ ყურადღებას აქცევდა ზნეობას, ფიზიკურ აღზრდას, მაგრამ მთავრობამ პანსიონიც მალე დახურა.
  ამის შემდეგ ივანე ცოტა ხანი ქუთაისის ბანკიში მუშაობდა, ხოლო უფრო გვიან აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობის წევრად და დანიშნეს ქალაქის გამგეობის მდივნად. ამ თანამდებობას იგი თითქმის 11 წელი ასრულებდა.
თვითმმართველობაში მუშაობის დროს ივანე აქტიურად  მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმეში, განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა სწავლა-განათლების გავრცელებისათვის .
  1888 წლიდან ივანე მუშაობას იწყებს ბათუმში. ამ დროს თურქეთის ბატონობისაგან გათავისუფლებისა და პორტო-ფრანკოს გაუქმების შემდეგ აღებ-მიცემობამ და მიმოსვლამ ბათუმში ისეთი ფართო ხასიათი მიიღო, რომ აუცილებელი გახდა ქალაქის თვითმმართველობის შემოღება, მაგრამ ქალაქის გამგეობის წევრებად აირჩიეს მხოლოდ არაქართველები, რაც ქალაქის ინტერესებისათვის არ იყო სასურველი. რა თქმა უნდა, რუსიფიკატორული პოლიტიკის მატარებელი არაქართველებისაგან შემდგარი გამგეობა არ იზრუნებდა ქართული კულტურის განვითარებაზე, პირიქით, ხელს შეუშლიდა ქართული სკოლების გახსნას, ქართული წერა-კითხვის გავრცელებას და სხვ. გამგეობაში საჭირო იყო ისეთი ადამიანი, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა და ასეთი  მოღვაწე აღმოჩნდა ივანე მესხი, რომელმაც უდიდესი ამაგი დასდო ბათუმს. დიდი მეცადინეობის შემდეგ მესხი დაინიშნა გამგეობის მდივნად. მწერლ დავით კლდიაშვილის დახასიათებით,  ივანე იყო ,, მოხერხებული, ქალაქის საქმეების მცოდნე, ცოცხალი, მომქმედი-იგი სული და გული შეიქნა ახლად შემოღებული თვითმმართველობისა“.
  ივანემ ექიმ გრიგოლ ვოლსკთან ერთად ვაი-ვაგლახით მოახერხა მხოლოდ ქართველებისაგან შემდგარი საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების გახსნა ბათუმში, რომელმაც მალევე დაიმსახურა საზოგადოების ნდობა და შეძლებისადაგვარად კრედიტსაც აწვდიდა მოსახლეობას.
  ივანე და გრიგოლი დიდ დახმარებას უწევდნენ წერ-კითხვის საზოგადოების მიერ დაარსებულ სკოლასაც, რომელიც ფინანსური სახსრების არარსებობის გამო ძვლივსღა ღაფავდა სულს. ამ პრობლების აღმოსაფხვრელად მათ გადაწყვიტეს ყოველწლიურად, 14 იანვარს, სკოლის სასარგებლოდ ფასიანი საღამოები მოეწყოთ;. პირველი საღამო არაჩვეულებრივი გამოდგა, მასზე მოწვეული იყო სასიქადულო პოეტი აკაკი წერეთელი. ამ ღონისძიების შემოსავალმა სამი ათას მანეთს გადააჭარბა.
ამას არ დასჯერდნენ მესხი და ვოლსკი და ხელი მოკიდეს სკოლისათვის კეთილმოწყობილი შენობის აგების საქმეს, რომელიც მოსახლეობის აქტიური დახმარებით მოკლე ხანში კარგად დამთავრდა.
  ივანემ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა 1837 წ.
ბათუმში გაეხსნა ვაჟთა გიმნაზია, 1900 წ. სექტემბერში კი__ ქალთა.
  ივანეს დაუძინებელი მტერი იყო შავრაზმელი ივანოვი, რომელიც ყველა პროგრესულ ადამიანს სძულდა. ივანოვი ცდილობდა ორჯერ ზედიზედ ჩაეშალა ქალაქის არჩევნები, რათა საბოლოოდ ქალაქისთავად თვითონ დარჩენილიყო. მან ერთხელ სხდომაზე ჩამოხსნა ქალაქის თავის ჯაჭვი და სხდომა დახურულად გამოაცხადა. მესხის თხოვნით, გამგეობის წევრმა ვოლსკიმ ჯაჭვი ისევ ჩამოკიდა და სხდომა ბოლომდე ჩატარდა. ივანე მესხმა თავი გამოიდო ივანოვის წინააღმდეგ ბრძოლაში და ბრწყინვალე გამარჯვებასაც მიაღწია.
  ბათუმის ქალაქის ახალი გამგეობა ყოველნაირად ეძებდა ახალ ფინანსურ საშუალებებს, რომ კიდევ დაემშვენებინა ქალაქი. ივანემ კი ასეთი საშუალება გამონახა: ბათუმიდან გატანილ თითოეულ ფუთ საქონელზე შემოიღეს სპეციალური გადასახადი. ამ სახით მიღებული თანხის ერთი ნაწილი თვითმმართველობის განკარგულებაში გადადიოდა. ეს თანხა არც ისე ცოტა იყო.
  1913 წ. 1 ოქტომბერს ჩატარდა ბათუმის თვითმმართველობის საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქალაქში თვითმმართველობის შემოღების 25 წლისთავს. ამ დღეს აღინიშნა თვითმმართველობის ორი უანგარო მოღვაწის-ივანე მესხისა და მიხეილ ჩხარტიშვილის მოღვაწეობის 25 წლის იუბილეც.

  ივანეს ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის მესხთა პლეადის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი.
ივანე  მესხი


                                                               ეფემია მესხი
   ეფემია მესხი ჭეშმარიტად მოჭირნახულე შემოქმედია, რომელსაც დიდი ამაგი მიუძღვოდა ქართული სცენისა და ხელოვნების წინაშე. იგი იყო ერთ-ერთი პირველი მსახიობი ქალთაგანი, რომელმაც მეტად საპატიო როლი შეასრულა ერის თვითცნობიერების გამოღვიძების საქმეში. იგი იყო პირველი ხელოვანი ქალი, ვინც საფუძველი განუმტკიცა აქტიორულ შემოქმედებას.
    ეფემია მესხმა გაიარა მეტად ეკლიანი გზა. ის იყო პირველი დრამატული მსახიობი, რომელმაც კომედიებს ნაჩვევ ქართულ სცენაზე დაამკვიდრა და  ფართო ასპარეზი გაუხსნა დრამასა და ტრაგედიას. განსაკუთრებული ემოციურობა ახლდა მსახიობი ქალის მიერ შექმნილ ტრაგიკული გმირების სიკვდილის სცენებს. ეფემიას გმირები რწმენითა და იმედით გაუტეხელი ტოვებდნენ სიცოცხლეს, მაყურებლებს ახვევდნენ ღრმა მწუხარებაში. ამაში იყო მისი აქტიორული ხელოვნების არსი, ოსტატობის წყარო.
  სიმონ მესხმა 1862 წლის 11ივლისს მისი მეათე შვილის - ეფემიას შეძენა იზეიმა. მიუხედავად მრავალშვილიანობისა, სიმონმა ყველა მათგანს საუკეთესო მამობა გაუწია და სწავლა-განათლება მიაღებინა. ბავშვობაში მეტად ანცი და მოუსვენარი იყო პატარა ფეფიკო, როგორც მას ეძახდნენ. მიუხედავად ამისა, ის მარტო გართობა-თამაშით როდი კმაყოფილდებოდა. იგი განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენდა თეატრისა და მუსიკისადმი. მეზობელი ბავშვები ხშირად მართავდნენ საბავშვო წარმოდგენებს, რომლებსაც რეჟისორობას დავით მესხი უწევდა.
  იდგა 1877 წელი, როცა ოსმალეთთან ომი მიმდინარეობდა და ყველა რაღაც სიურპრიზს ამზადებდა მეომართათვის. ბავშვებმაც ამ წარმოდგენებით (ა.წერეთლის „ბუტიობა“ და რუსული საბავშვო პიესა „ჭიქა წყალი“) მანეთი და 40 კაპიკი შეკრიბეს და გაუგზავნეს ქართველ მეომრებს.
  ფეფიკოს თეატრთან ერთად იტაცებდა მუსიკაც და ბავშვობიდან კარგი სმენა ჰქონდა. მან ორ გაკვეთილში ისწავლა სალამურზე დაკვრა და შემდეგში მოჰკრავდა თუ არა ყურს რაიმე მელოდიას, სწრაფად უკრავდა სალამურზე.
  ეფემია ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მე-4 კლასში სწავლობდა, როდესაც მამამისს უეცრად ყელის მძიმე ავადმყოფობა დაემართა. თბილისიდან სერგეიმ და მისმა ცოლმა ძლივს მიუსწრეს ცოცხალს. ფეფიკოს რომ მწარედ არ განეცადა მამის დაკარგვა და თანაც არ ჩამოშორებოდა სწავლას, სერგეიმ იგი თბილისში წაიყვანა სწავლის გასაგრძელებლად. „მაღონებდა ჩემი ამხანაგებისა და შეჩვეული ოჯახის მიტოვება. მებრალებოდა გულმოკლული დედა, თანაც ძლიერ მიზიდავდა თბილისი თავისი თეატრებითა და მსახიობებით,“ - იგონებს ეფემია.
  ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ეფემია, როდესაც მოექცა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოახერხა გიმნაზიის დამთავრება, ასეთი საზოგადოებრივი წრე შესანიშნავ სკოლად გადაიქცა მისთვის. ამ გავლენით ეფემიამ განიზრახა ნიჭი ლიტერატურაში ეცადა. თარგმნა ნაწარმოებები და დაბეჭდა გაზეთ „დროებაში“. ერთხელ მან აკაკი წერეთელს ჰკითხა, თუ როგორ მოეწონა მისი თარგმანი. აკაკიმ ღიმილით უპასუხა: „ეცადე ბევრი წერო, თარგმნო და შეიძლება შენგან კარგი მწერალი გამოვიდესო.“ მაგრამ ეფემიამ ვერ გაამართლა მისი სიტყვები. ის იმდენად გატაცებული იყო თეატრით, რომ უარი თქვა ყველაფერზე და თავისი ცხოვრება მტკიცედ დაუკავშირა სცენას.
  თბილისის გიმნაზიაში სწავლისას ეფემია ყველასგან გამოირჩეოდა. განსაკუთრებით კარგად სწავლობდა რუსულს, მაგრამ ანგარიში მისთვის რაღაც ჩინურ თავსატეხს წარმოადგენდა. ძმებს უნდოდათ ყველაფერი ესწავლებინათ ეფემიასთვის. მაგრამ სახსრები არ ყოფნიდათ. ამიტომაც ჩაიჭრა თუ არა ანგარიშში, გიმნაზიასაც თავი დაანებებინეს. მან უკვე გაიხადა მოსწავლის ფორმა და დაადგა თეატრის გზას.
  ეფემიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იგი კოტემ პირველად წაიყვანა თეატრში. ამის შემდეგ მან სისტემატურად დაიწყო თეატრის სტუმრობა.
  ერთხელ გაზეთმა „დროებამ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმართებოდა ქართული წარმოდგენა „პარიზელი ქალი“ . კოტემ ეფემიას ღიმილით უთხრა, რომ მსახიობის ავადმყოფობის გამო  მას უნდა ეთამაშა ახალგაზრდა ქალის როლი. დიდი განცდით ჩაატარა რეპეტიცია ეფემიამ და იანვრის ყინვაში ოფლით გაიწურა. სპექტაკლის დაწყებამდე ის მეტად ნერვიულობდა, თუმცა მალე ყველაფერი გააცნობიერა და თამაშში სრულიად აუღელვებლად ჩაება. მას შემდეგ იწყება ეფემიას პროფესიული წინსვლა. მან მრავალი როლი ითამაშა ქუთაისის თეატრის სცენაზე. ამის შემდეგ ის თბილისშიც მიიწვიეს, მაგრამ 9 წლის მანძილზე ეფემია და კოტე ისე შეეჩვივნენ ქუთაისსა და ქუთაისელ მაყურებელს, რომ არც კი უნდოდათ მოშორებოდნენ მას.
  1898 წელს ეფემია გათხოვდა ივანე გეპნერზე, რომელიც მაშინ ბაქოში მუშაობდა. მსახიობი ქალი ძალიან წუხდა სცენის მიტოვებას, თუმცა ბაქოშიც შეიქმნა სცენის მოყვარულთა წრეები, სადაც მიიწვიეს ის. მაშინ ბაქოში ბევრი ქართველი ცხოვრობდა და წარმოდგენებს სიხარულით ესწრებოდნენ. ეფემიამ ბაქოში ახლად დაარსებული რუსული თეატრის წარმოდგენებშიც მიიღო მონაწილეობა.
  1922 წელს მას შეუსრულდა მოღვაწეობის 40 წელი და ეს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა. ამის შემდეგ ეფემია ჩვეული ენთუზიაზმით განაგრძობს სცენურ მოღვაწეობას და ქმნის ახალ სახეებს.
                                                                            ეფემია მესხი



  








No comments:

Post a Comment

                                                  ო ჯ ა ხ ი   ყველა სახელმწიფოს ძლიერების, ზნეობრივი სრულფასოვნებისა და წარმატების საფუძ...