გვესაუბრება პირველი სკოლის პედაგოგი ნათია შალამბერიძე
|
იულონ შალამბერიძე |
შალამბერიძეების ოჯახი ქუთაისში მე-19 საუკუნის ბოლოს დასახლებულა. ბაბუაჩემის, იულონ შალამბერიძის, წინაპრები; ბაბუა და მამა- ჯაშინა და ივანე შალამბერიძეები მღვდლები იყვნენ. ბაბუამ, იულონ ივანეს ძე შალამბერიძემ, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის იყო აღნიშნული სასწავლებლის პირველი თაობის კურსადმთავრებული. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისში, "ტორქსინის" მთავარ ბუღალტრად. ოჯახი ცხოვრობდა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიის გვერდით. კომუნისტების მიერ ტანძრის დანგრევის შემდეგ ბინა გადასცეს მაშინდელი 1905 წლის რევოლუციის ქუჩის 19 ნომერში. ამჟამად ეს გახლავთ წმინდა ნინოს ქუჩის N17, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. ბაბუა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდა. ერთი პერიოდი ზეკარის ტყეშიც იმალებოდა. რაღაც სასწაულებრივად გადარჩა. და დაუპატიმრეს, მან ძმისა და სხვა მისი თანამოაზრეების გადასარჩენად, ციხეში ყოფნისას, დასასჯელ პირთა სია გაანადგურა (გადაყლაპა).
|
ბიჭიკო და ცისმარ შალამბერიძეები |
მამა, ბიჭიკო იულონის ძე შალამბერიძე, დაიბადა 1933 წლის 19 ოქტომბერს. დაამთავრა ქუთაისის რუსული მე-9 საშუალო სკოლა, 1962 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. გაამწესეს სამხედრო გემზე ექიმად, მაგრამ მამამისის პოლიტიკური ბიოგრაფიის გამო არ დაუშვეს საზღვარგარეთის ქვეყნებში მისი მოგზაურობა და გემიდან ჩამოსვეს. ჩემს მეხსიერებაშიც დალექილია ის ფაქტი, როცა მამას უშიშროების (მაშინდელი კაგებე) სამსახურში იბარებდნენ. თვითონ პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. უკვირდა, რით არ დაიღალა საბჭოთა უშიშროება მათი ოჯახის დევნით (ოჯახს სამჯერ იძულებით შეუცვალეს საცხოვრებელი ბინა და საგვარეული ნივთებიც ჩამოართვეს).
|
ბიჭიკო შალამბერიძე |
|
ფოტოსურათი წარმატებული
ოპერაციის შესახებ
გამოქვეყნებული
საგაზეთო სტატიიდან |
მამამ მუშაობა დაიწყო ქუთაისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ქირურგ-უროლოგად. 1972 წელს, მისი დიდი მონდომებით, ჩამოყალიბდა "ხელოვნური თირკმლის" კაბინეტი. პირველი პაციენტი 1972 წლის 30 აპრილს მიიღეს. ეს იყო მაშინდელ მედიცინაში უპრეცედენტო ფაქტი, რადგან დასავლეთ საქართველოში ხელოვნური თირკმლის ოპერაცია - ექსტრაკორპორალური ჰემოდიალიზი პირველად ჩატარდა. მახსოვს, სოხუმში, გასული საუკუნის 80-იან წლებში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას სრულიად შემთხვევით შევხვდი ამ ოპერაციის შედეგად მამაჩემის მიერ გადარჩენილ ახალგაზრდა ქალს.
დედა, ლალი (ცისმარ) ედიბერიძე, წლების განმავლობაში იყო ქუთაისის პირველი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მის ოჯახსაც საინტერესო ისტორია აქვს, რადგან ბაბუამისი, ნესტორ ედიბერიძე, მე-19 საუკუნის ბოლოს დასახლებულა ქუთაისის უძველეს უბანში - უქიმერიონის გორაზე და დაუარსებია პირველი აგურის ქარხანა. თავისი გამჭრიახი გონებით იყენებდა ადგილობრივ რესურსებს - მიწასა და წყალს და შექმნა არაჩვეულებრივი საწარმო. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მისი ოჯახი გააკულაკეს და, როგორც ამბობდნენ, ურმებით გაზიდეს მათი მატერიალური ქონება. მისი მემკვიდრეობა გააგრძელა ბაბუაჩემმა, პლატონ ედიბერიძემ, რომელიც იყო აგურის ქარხნის დირექტორი. ბაბუა და მისი ძმები - ექსვსნი იქყვნენ. მათი ერთ-ერთი დედმამიშვილი, სიმონ ედიბერიძე, ცნობილი კაცი იყო ქუთაისის სინამდვილეში. ის გახლდათ ქალაქის ნოტარიუსი.
|
ასმათ შალამბერიძე და
ედიშერ მამალაძე |
ჩემმა მშობლებმა, ბიჭიკო და ცისმარ შალამბერიძეებმა, აღგვზარდეს მე და ჩემი და - ასმათ შალამბერიძე, პროფესიით ექიმი. იგი თავისი ოჯახით ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. ჰყავს მეუღლე - ედიშერ მამალაძე (საქკაბელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), შვილები: გოდერძი და გიორგი მამალაძეები და შვილიშვილები.
|
ნათია შალამბერიძე შვილთან
თემურ მამაგეიშვილთან |
მე, ნათია შალამბერიძე, ვმუშაობ პირველ სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად 27-ე სასწავლო წელია. ჩვენ სისხლხორცეულად პირველსკოლელები ვართ. დავამთავრეთ ეს სკოლა, სადაც ჩემი შვილიც- თემურ მამაგეიშვილი აღიზარდა.მან ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, შემდეგ წარმატებით დაასრულა კავკასიის ბიზნესკოლა, ამჟამად არის შპს "პორტალის" ნავთობტერმინალის მენეჯერი. დედაც პირველ სკოლაში მუშაობდა, მეც აქ ვაგრძელებ დღემდე მოღვაწეობას.
ჩემი მეუღლე, მამუკა მამაგეიშვილი, პროფესიით ექიმ-კარდიოლოგი, სამწუხაროდ, ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა.
. . .
ქუთაისი ჩემთვის ჩემი სახლია, ესაა სიყვარული, ტრადიციებისა და კოლორიტური საწყისების ჰარმონიულად თანაარსებობის უნიკალური ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, მე ვერ შეველიე წინაპრების ნალოლიავებ საუკუნოვან ფუძეს, რომელთანაც ოჯახის დიდი ისტორიაა დაკავშირებული.
|
ოჯახი |
No comments:
Post a Comment