ღოღობერიძეების ოჯახი

                                           
              ადამიანების უმთავრესი ნაკლი არის წარსულის დავიწყება.ჩვენ ვივიწყებთ წინაპრებს,იმას,თუ როგორ მოგვიყვანეს აქამდე,შეგვინარჩუნეს წარსული და გაგვიუმჯობესეს მომავალი.დროის მანქანის შექმნამდე ერთადერთი,რაც დაგვრჩენია,ეს არის წარსულის გახსენება და ცოტა ფანტაზიის მოშველიება.ნუთუ საოცარი არ არის XlX საუკუნის საქართველო,ნუთუ აღმაფრთოვანებელი არ არის ქუთაისი ამ დროს?! ქუჩებში წვერულვაშიანი ვაჟკაცებისა და მოკრძალებული მანდილოსნების ხილვა?!საინტერესოა,მაშინ,როცა არ არსებობდა ინტერნეტსივრცე და თანამედროვე ტექნიკა,რით ერთობოდნენ, სად დადიოდნენ და როგორ ცდილობდნენ კავკასიის გულში,მკაცრი და გიგანტური ქვეყნებით გარშემორტყმული პატარა საქართველოს ევროპული ბილიკის გაყვანას! საოცრებაა, ამდენ წვეროსანში ერთადერთი წვერულვაშგაპარსული მამაკაცის დანახვა. ის პირველი კაცია, რომელმაც ეს ევროპული ტრადიცია შემოიტანა საქართველოში და ამით პირველი ყვავილი დარგო იმ ბილიკზე,რომელიც ევროპისკენ მიდის.
               გიორგი ღოღობერიძე, კაცი,რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი ფურცელი ოქროსფერი ასოებით შეავსო.მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. მან ხომ სამოციანელ ჭაბუკებს უბიძგა "სამოციანელობისკენ". ქართველ ერს უთხრა, რომ ყველას აქვს არჩევნის გაკეთების საშუალება, თუნდაც ეს წვერულვაშს ეხებოდეს. მან ბინა დაუთმო ახალდაქორწინებულ ილია ჭავჭავაძეს, როცა ის ქუთაისში სახელმწიფო სამსახურში საქმიანობდა.  ეს იყო ღრმა ამოსუნთქვა რუსეთის წინააღმდეგ და თბილი ღიმილი ევროპის სასარგებლოდ. ადამიანი,რომელმაც დათვს „ბაბაია“ არ დაუძახა და, სამშობლოს ნიჭიერი ახალგაზრდობის რუსეთისთვის შესაწირ კრავებად გადაცემის სანაცვლოდ, ისინი სწავლისა და იდეის მინდორზე შეუშვა „საბალახოდ“.
            XIX საუკუნის საქართველო, რომელსაც წართმეული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და ეროვნული კულტურა, ცნობიერება და ღირსება, ფეხქვეშ იყო გათელილი უცხო სახელმწიფოს იმპერიული ზრახვების გამოისობით, საკუთარი მეობის, სულისკვეთებისა და ეროვნული სახის შენარჩუნებას ცდილობდა სახელმწიფოს მცირე მოდელის, ოჯახის სახით.
              ქართულმა კულტურულმა ოჯახებმა შეინარჩუნეს და იხსნეს ქართული გენი, ამ მოვლენას ხელს უწყობდნენ ჩონგურის სიმებივით ხმაშეწყობილი სალონური ოჯახები, სადაც იკრიბებოდა ქართველი არისტოკრატია და მოაზროვნე საზოგადოება. ასეთი სალონური თავშეყრის კერა ჰქონდათ თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძეს, მანანა და მაიკო ორბელიანებს, ხოლო ქუთაისში - ღოღობერიძეებს , სადაც სულს იბრუნებდა და საზრდოს პოულობდა მოაზროვნე ქართული ინტელიგენცია. ამ სულიერებით გაჟღენთილ ჟანგბადს სუნთქავდნენ აქ შეკრებილი ფრთოსნები და სალონის სულის ჩამდგმელი, ოჯახის უფროსი ვაჟი -  გიორგი ღოღობერიძე.
  გავიცნოთ მისი მშობლების, ბესარიონ ღოღობერიძისა და ეკატერინე აბაშიძის ოჯახი, მაშინდელი ცენტრი იმერეთისა, სადაც ფესვებს იდგამდა ახალი ჯიშის ვაზი, რომელმაც ყურძნის ხუთი მსხვილი მტევანი მოისხა, ამ ოჯახში აღზრდილი ხუთი შვილის სახით. გასანაყოფიერებლად იყენებდნენ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ისტორიაზე, სტამბაზე, გაზეთზე, ბანკსა  და კიდევ სხვა მრავალ საჭირბოროტო თემაზე საუბარს.
              ბატონი ბესარიონი იმდროისთვის განათლებული კაცი იყო, სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული და იმერეთის ეპისკოპოსის მდივნად მუშაობდა. ქალბატონი ეკატერინე კი ცნობილი მწიგნობარი ქალი გახლდათ და, რა გასაკვირია, რომ ნოყიერ ნიადაგზე კარგი მოსავალი მოსულიყო.
             






ღოღობერიძეების ოჯახში აღზრდილი ხუთი მამულიშვილი:
გიორგი, ნიკო,დავითი, ანეტა და სიმონი.
            









          ნიკო, ქართველ თერგდალეულთა თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მან განათლება ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ კი რუსეთ-თურქეთის ომთან დაკავშირებით ქუთაისის გიმნაზიის დახურვის გამო თავის ბიძაშვილ-ბესარიონთან ერთად სწავლა განაგრძო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს.
             პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებული  ილიას ნაცვლად ქართველ სტუდენტთა ლიდერი გახდა. იგი ბესარიონ ღოღობერიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ხელისუფლების საწინააღმდეგო სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებს რუსეთის სატახტო ქალაქში.
              სტუდენტობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ნიკო შეუდგა მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას.ის იყო ილიას უპირველესი თანამოაზრე „საქართველოს მოამბის“ გამოცემასთან დაკავშირებით, გაზეთის ეკონომიკური მხარდამჭერი და მისი ისტორიული ნაწილის ხელმძღვანელი. მანვე გაიღო დიდი თანხა გაზეთ „დროების“ გამოსაცემად და მისივე მცდელობით გამოვიდა ჟურნალი „მოამბე“.
               ჩვენში ბეჭდვითი ორგანოების საქმიანობის განვითარებას ხელს უშლიდა ქართული შრიფტის დაბალი დონე და სტამბის უქონლობა. ნიკომ, დ.ბაქრაძესთან, ვ.თულაშვილთან და ს.მელიქიშვილთან ერთად,დააარსა ქართული სტამბა, რისთვისაც შრიფტი ვენაში ჩამოასხმევინეს. სტამბის შექმნისათვის საჭირო თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ნიკო ღოღობერიძემ გაიღო. მანვე კვალიფიციურ სპეციალისტთა არყოფნის გამო, პეტერბურგში საკუთარი ხარჯით მოამზადა სტამბის მუშა იოსებ ჩომახიძე.
               ნიკო ღოღობერიძე  აფინანსებდა გოჩა-ჯიხაიშისა და რგანის სკოლებს. ეკონომიკურად ეხმარებოდა ხელმოკლე ნიჭიერ ახალგაზრდებს: პეტრე უმიკაშვილს, ფილიპე გოგიჩაიშვილსა და ეგნატე ნინოშვილს. მან თავისი ქონების დიდი ნაწილი სიცოცხლეშივე მოახმარა საზოგადო საქმეს. სიკვდილის შემდეგ კი მთელი თავისი ქონება უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას. ანდერძის მიხედვით, თანხა გათვალისწინებული იყო ქართული კულტურისა და მეცნიერების ასაღორძინებლად.
               ნიკო ღოღობერიძე დაკრძალულია თბილისში, დიდუბის ეკლესიაში.
               დავითი, ბესარიონისა და ეკატერინეს მესამე ვაჟიშვილი, სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო პეტერბურგში სტუდენტთა გამოსვლების აქტიური მონაწილე, რისთვისაც კრონშტადტის ციხეში იჯდა სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ერევნის სასამართლოში.
           ღოღობერიძეების ერთადერთი და, ანეტა, XIX საუკუნის პედაგოგიური აზროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ოთხკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ, უფროსი ძმებისა და ბიძაშვილის დახმარებით, ჩინებული განათლება მიიღო ოჯახში. დიმიტრი მუსხელიშვილზე დაქორწინების შემდეგ გაემგზავრა ახალციხეში  და საკუთარი ხარჯით გახსნა ქალთა უფასო სკოლა. ანეტა იყო ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის წევრი.
  ანეტა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა და თბილისში, დიდუბის ეკლესიაში, მის დაკრძალვას მისი ოთხი ძმისგან სამი დასწრებია. გიორგი ზედმეტი მწუხარების გამო ქუთაისიდან ვერ ჩასულა. ცხედრის გამოსვენებისას მეოთხე ძმის მაგივრობა ილია ჭავჭავაძეს გაუწევია და გიორგის სანაცვლოდ შესდგომია კუბოს. ამით ილიამ გამოხატა ღრმა პატივისცემა ამ ღირსეული ოჯახისადმი. აკაკიმ კი თავისი ცნობილი ლექსი „ვარდის ხმაზედ“ („ჩონგური“) ამ შესანიშნავ ქალს უძღვნა.
            სიმონ ღოღობერიძე, ამ ოჯახის უმცროსი ვაჟიშვილი, იყო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. მის აღზრდაზე მშობლებთან ერთად ზრუნავდა უფროსი და-ძმა, რომელთა მეშვეობით სიმონმა ბავშვობიდან აითვისა რუსული და ფრანგული ენები.
        მან   ქუთაისის კლასიკური გიმნაზა წარმატებით დაასრულა და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ - კიევის უნივერსიტეტში და დამთავრებისთანავე სამშობლოში დაბრუნდა.
            სიმონმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეროვნული ისტორიის შესწავლის საქმეს.მან ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნა მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ ორტომეული, რომლითაც სასწავლებელში დაამკვიდრა  რუსეთის მიერ განდევნილი  საქართველოს ისტორიის სწავლება. სიმონი მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად. ის დაკრძალულია ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გალავანში.
           როდესაც აკაკი წერეთელი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ბოლო კლასს ამთავრებდა და დიდი გზის დასაწყისთან იდგა, მაშინ დაბრუნდა ქუთაისში ღოღობერიძეების ოჯახის უფროსი ვაჟი, გიორგი, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პირველი პროფესიონალი იურისტი ქუთაისში და პირველი უმაღლესდამთავრებული კაცი მთელს დასავლეთ საქართველოში.
             იგი 24 წლის ასაკში  იურისტის დიპლომით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს. ის იყო თერგდალეულთა ერთგვარი გზის მასწავლებელი, რადგანაც საუნივერსიტეტო განათლების მიღების აუცილებლობისაკენ სწორედ მან მიუთითა აკაკისა და მის გიმნაზიელ მეგობრებს. ამის შესახებ უფროსი მეგობრის დაკრძალვაზე საგანგებოდ  ჩასულმა აკაკიმ თავის გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნა:  „წინამორბედ-მახარობლად  მოევლინა განსვენებული   გიორგი იმ ახალგაზრდა გუნდს, რომელიც ჩვენში მესამოცე წლების მოღვაწეებად არიან ცნობილნი... ჩვენ, მის ნაამხანაგებს, გვახსოვს და მოვალეთა ვხდით ჩვენს თავს, არ დავივიწყოთ, რომ იმ გზისაკენ, რომელზედაც შემდეგში მესამოცე წლების მოღვაწეებმა  გაიარეს ჩვენში, პირველად გიორგი ღოღობერიძემ მიგვითითა“.
         გიორგი იყო მრავალი ეროვნული საქმის წამომწყები. აქტიურად მონაწილეობდა  ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გახსნაში, ეკონომიკური დახმარება გაუწია ილიას „საქართველოს მოამბის“ დაარსებაში, მზრუნველობდა გოჩა-ჯიხაიშის სკოლას, თავისი ხარჯით საკუთარ სახლში გამართა ქუთაისში პირველი ქართული წარმოდგენა - გიორგი ერისთავის „გაყრა“. იგი იყო პირველი და ერთადერთი კაცი, რომელიც XIX  საუკუნის 60-70-იან წლებში წვერულვაშგაპარსული დადიოდა საქართველოში. ამით მან ხელი შეუწყო ევროპული და ეროვნული პროგრესული ჩვევების ურთიერთშერწყმას.
            გიორგი ღოღობერიძე დაკრძალულია ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გალავანში.
            ნუთუ შესაძლებელია ასეთი ადამიანები დაივიწყოს შთამომავლობამ, თანაც მაშინ, როცა დღესაც ვცდილობთ ევროპისკენ გავიკვალოთ გზა. სამწუხაროდ, რომა არა XX საუკუნის გაწელილი, მკაცრი წლები, ვინ იცის, ეგებ იმ აყვავებულ ბილიკს, რომელიც გაკვალა გიორგი ღოღობერიძემ და მისმა დიდმა ოჯახმა, არ მოსდებოდა სარეველა. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, ბილიკი გავათავისუფლოთ, მოვაშოროთ მუმლი მუხას და გავაგრძელოთ ის დიადი საქმე, რაც ორი საუკუნის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, მისი კულტურის წმინდად შენახვისთვის, რომ არ დავივიწყოთ, „რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით!“
                                           
                                                   
ანასტასია მახათაძე, მეთორმეტე  კლასის მოსწავლე

No comments:

Post a Comment

                                                  ო ჯ ა ხ ი   ყველა სახელმწიფოს ძლიერების, ზნეობრივი სრულფასოვნებისა და წარმატების საფუძ...